English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ მედეა მელაშვილი ქეთევან ქველაძე ნუნუ ქისტაური
განათლების თავისებურებები ევროკავშირსა და მის ზოგიერთ ქვეყანაში

ანოტაცია. სტატიაში გამოკვლეულია განათლების სისტემის სრულყოფისა და განვითარების  თავისებურებები ევროკავშირსა მის ზოგიერთ ქვეყანაში, კერძოდ,  გაანალიზებულია განათლების სისტემის ფორმები ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი[1], შვეიცარია, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ფინეთი, რომლებმაც ამ დარგში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს. მითითებულია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ცოდნის ეკონომიკაზე წარმატებული გადასვლა,სხვა ფაქტორებთან ერთად, შესაძლებელია განათლების სფეროს სრულყოფით.

საკვანძო სიტყვები: ცოდნის ეკონომიკა, განათლების სისტემა. ევროკავშირის ქვეყნების ინოვაციური სისტემები, ევროკავშირის ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემები.

შესავალი

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დასავლეთის ეკონომიკურ მეცნიერებაში ფართო გავრცელება ჰპოვა ტერმინმა „ცოდნის ეკონომიკა“, რომელიც შემოიტანა ავსტრო-ამერიკელმა მეცნიერმა ფრიც მაჰლუპმა 1962 წელს.იგი თვლიდა, რომ ბუნებრივი მატერიალური რესურსები, მართალია, რჩება როგორც ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძველი, მაგრამ მთელი სამეურნეო სისტემის ზრდა და განვითარება უზრუნველყოფილია არა იმდენად გარე, არამედ უფრო მეტად შიდა, არამატერიალური ფაქტორებით, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ცოდნა, რომ ცოდნის ეკონომიკის ფორმირებისა და განვითარების ძირითადი ფაქტორი არის ადამიანისეული კაპიტალია [3].

გაეროს ექსპერტების აზრით, ცოდნის ეკონომიკა - ეს არის ეკონომიკა, სადაც ცოდნა იქმნება, ვრცელდება და გამოიყენება ქვეყნის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით. ამასთან, ცოდნა ამდიდრებს ეკონომიკური პროცესების ყველა მონაწილეს, ყველა დარგს, ყველა სექტორს.  ცოდნის ეკონომიკის ქვეშ, როგორც წესი, იგულისხმება ისეთი ეკონომიკა, როდესაც მშპ-ს მნიშვნელოვანი ნაწილი იქმნება იმ დარგებში, რომლებიც უშუალოდ აწარმოებენ ახალ ცოდნას, ინფორმაციულ სიახლეებს და მომსახურებას, ასევე მოწყობილობებს ცოდნის გადაცემისა და გადამუშავებისათვის. ცოდნის ეკონომიკას არსებობა და განვითარება შეუძლია მხოლოდ იმ საზოგადოებაში, სადაც მეცნიერება, როგორც ძირითადი კომპონენტი,გავლენას ახდენს ეკონომიკის უკლებლივ ყველა სფეროზე, ხოლო სამეცნიერო ცოდნის შექმნა და გამოყენება განისაზღვრება არა მარტო ეკონომიკური ეფექტიანობის მოთხოვნებით, არამედ იმითაც, რომ იგი სხვადასხვა ფორმით იჭრება ყველა ადამიანის ყოფით ცხოვრებაში. 

ევროკავშირის განათლების სისტემის თავისებურებები 

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, დღეისათვის განვითარებული ქვეყნების შიდა პროდუქტის 50% ცოდნაზეა დამყარებული. ცოდნას კი ძირითადად განათლების სისტემა იძლევა მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით, რომელიც მიმართული უნდა იყოს კონკურენტუნარიანობის ამაღლებისაკენ. ამ მიზნით სრულიად გადაუდებელი გახდა ევროკავშირში შესაბამისი კადრების აღზრდა, ამიტომ დაიწყო განათლების სისტემის სრულყოფა, რასაც წინ უძღოდა შესაბამისი ერთიანი პოლიტიკის შემუშავება.

ევროკავშირის შექმნისთანავე (1993) აქ წინა პლანზე წამოიწია ევროპის ერთიანი ინოვაციური სივრცის შექმნისა და შემდგომი განვითარების საკითხმა. მალევე, 1995 წელს, ევროკომისიამ განსახილველად წარმოადგინა ე.წ. „ინოვაციების მწვანე წიგნი“ („Green Paper on Innovation“), სადაც  ევროპაში ინოვაციური საქმიანობის პრობლემა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად იქნა აღიარებული. შემდეგ, 2000 წელს, ევროკომისიაში ინიცირებულ იქნა წინადადება ერთიანი ევროპული სამეცნიერო სივრცის (European Research Area) შექმნის შესახებ, რომლის მთავარი ამოცანები ძირითადად იყო: ინვესტიციების გაზრდა ცოდნის სფეროში; წამყვანი სამეცნიერო ცენტრების ქსელის შექმნა; ევროპულ დონეზე მეცნიერთა კარიერისათვის ხელშეწყობა; ევროპელ მკვლევართა მობილურობის გაზრდა და სხვა [1]. ეს ამოცანები კი არ შეიძლებოდა გადაჭრილიყო მათი საფუძვლის - განათლებისა და მეცნიერების განვითარების გარეშე.

იმავე 2000 წელს ლისაბონში ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურებმა მიიღეს რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, 2010 წლისათვის ევროკავშირი მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე უნდა გასულიყო. მას ეწოდა „ლისაბონის დეკლარაცია“, ხოლო დასახულ მიზნებს – „ლისაბონის სტრატეგია“. ლისაბონის სტრატეგიის მიხედვით, დანახარჯები კვლევებსა და შემუშავებებზე 2010 წლისათვის უნდა გაზრდილიყო მშპ-ს 3 პროცენტამდე ყველა ქვეყნის მიხედვით, ამასთან, კერძო სექტორის წილი უნდა ყოფილიყო აღნიშნული დანახარჯების ორი მესამედი [1].

ევროკავშირში არაერთი დოკუმენტი მომზადდა ევროპის სამეცნიერო-კვლევითი სფეროს სტრატეგიის და განვითარების პოლიტიკის შესახებ. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: „უნივერსიტეტების დიდი ქარტია“; „ლისაბონის კონვენცია“, „სორბონის დეკლარაცია“; „ბოლონიის დეკლარაცია“; „ლისაბონის დეკლარაცია“; „ლისაბონის სტრატეგია“, „ლიუბლიანის პროცესი“; „სამეცნიერო კვლევებისა და ტექნოლოგიური განვითარების ჩარჩო-პროგრამები“; პროგრამა „ევროპა 2020“; „ჰორიზონტი 2020“; „ევროპული ტექნოლოგიური პლატფორმები“ და სხვა [2].ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის დოკუმენტები, რომლებიც კერძოდ საგანმანათლებლო სფეროს არეგულირებს. მაგალითად, 1988 წელს ევროკავშირში ხელი მოეწერა საერთო დეკლარაციას, რომელსაც ეწოდა “უნივერსიტეტების დიდი ქარტია” (Magna Charta Universitatum) და რომელშიც გამოხატული იქნა პოზიცია უნივერსიტეტების საქმიანობის შემდგომი მიმართულებების შესახებ.  ასევე ყურადღება გამახვილდა უნივერსიტეტთა შორის თანამშრომლობაზე პროგრამების შემუშავების, სახელმძღვანელოების მომზადების, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილურობისა და სამეცნიერო საქმიანობის სფეროში.

1997 წელს ლისაბონში ხელი მოეწერა კონვენციას კვალიფიკაციის აღიარების შესახებ, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ევროპის ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბების მიმართულებით.კონვენციის თანახმად, უნივერსიტეტების ავტონომიურობის აღიარებასთან ერთად, უნდა მომხდარიყო სამართლებრივი ნორმების გარკვეული უნიფიკაცია, რომელიც დაკავშირებული იყო დიპლომებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის ურთიერთაღიარებასთან.

1998 წელს ხელი მოეწერა “სორბონის დეკლარაციას”, რომლის მთავარი მიზანი იყო ევროპის უმაღლესი განათლების ერთიანი ღია სივრცის შექმნა.სორბონის დეკლარაციის შემდეგ 1999 წელს მიღებული იქნა საყოველთაოდ ცნობილი “ბოლონიის დეკლარაცია”, რომელშიც საუბარია უნივერსიტეტების მიერ კადრების მომზადებაზე ერთიანი ევროპული შრომის ბაზრისათვის. ბოლონიის პროცესი მოითხოვდა სერიოზულ გარდაქმნებს უნივერსიტეტების სტრუქტურაში, სასწავლო გეგმებში, სწავლების პროცესებში. თავდაპირველად გათვალისწინებული იყო სწავლების ორი საფეხური – ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, შემდეგ კი დაემატა დოქტორანტურა, რომელიც ანიჭებს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხს (ლათინურად Philosophiae doctor, შემოკლებით PhD) [1].

მოგვიანებით, 2006 წელს, ბოლონიის პროცესის შესაბამისად შემუშავდა დოკუმენტი – “უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ხარისხის შეფასების სტანდარტები და რეკომენდაციები”  (Standards and Guidelines for quality assurance in the European Higher Education Area). 2008 წელს კი შეიქმნა “უმაღლესი განათლების ხარისხის კონტროლის ევროპული რეგისტრი” (European Quality Assurance Register for Higher Education, EQAR).

იმავე 2006 წელს ევროკავშირის მიერ მიღებულ იქნა დოკუმენტი – “ცოდნიდან პრაქტიკისაკენ. ევროკავშირის ფართო ინოვაციურისტრატეგია” (“Putting knowledge into practice: A broad-based innovation strategy for the European Union”),რომელშიც აღიარებულია, რომ ინოვაციური განვითარების საფუძველია განათლება და მეცნიერება, მათი კავშირი პრაქტიკასთან, ანუ ეკონომიკასთან (ბიზნესთან).

ევროკავშირში, ზემოთ აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს განვითარების სტრატეგიული გეგმის მიხედვით, უნდა შეიქმნას და განვითარდეს ერთიანი ჯაჭვი ფუნდამენტური კვლევებიდან მათ კომერციალიზაციამდე. სწორედ ამ მიზნით 2010 წელს მიღებული იქნა პროგრამა “ევროპა 2020”, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა პროგრესი განათლების, მეცნიერებისა და შემუშავებათა ანუ ინოვაციების სფეროში.

ამ პროგრამის ერთ-ერთი ბლოკი „ახალგაზრდობის მოძრაობა“  მიმართულია განათლების სისტემების შედეგიანობის ზრდაზე. ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს ორ – რეგიონულ და ლოკალურ დონეზე. პირველს ახორციელებს ევროპული კომისია მთლიანად ევროკავშირის ტერიტორიაზე, მეორეს – უშუალოდ პროგრამის წევრი ქვეყნები.

პირველი დონის პრიორიტეტული ამოცანებია ინტეგრაციული პროცესების გაძლიერება, ევროკავშირის ქვეყნების მთელ ტერიტორიაზე ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ფორმირება, სტუდენტების მობილობის დონის ამაღლება, არსებული საგანმანათლებლო სისტემების რეფორმირება. ლოკალური დონის ამოცანებია ინვესტირების აუცილებელი დონის უზრუნველყოფა, განათლების შედეგიანობისა და ხარისხის, მასწავლებელთა პროფესიული უნარების და კვალიფიკაციის, საგანმანათლებლო სისტემების ღიაობის და ხელმისაწვდომობის ზრდა. ამ მიზნების შესრულება აუცილებელია ღია ევროპული ბაზრის შესაქმნელად, რომელიც მუდმივად შეივსება კვალიფიციური ადამიანისეული რესურსით, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სტაბილურ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

ევროკავშირში არასოდეს შეცვლილა პრიორიტეტები, არ შეწყვეტილა და დღესაც წარმატებით გრძელდება მუშაობა დასახული მიმართულებით. ამის ნათელი დასტურია ევროკავშირში ჩამოყალიბებული მჭიდრო და ორგანული კავშირი განათლებას, მეცნიერებასა და ბიზნესს შორის, რამაც იგი მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე გაიყვანა.

2004 წელს მსოფლიო ბანკმა სპეციალური პროგრამის, „ცოდნა განვითარებისათვის (Knowledge for Development – K4D)“, ფარგლებში შეიმუშავა და დღესაც გამოიყენება ყოველწლიური „ცოდნის ეკონომიკის ინდექსი“ კომპლექსური მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარების დონეს. მას იყენებს სხვადასხვა ქვეყანა ცოდნის შექმნის, მიღებისა და გავრცელების შესაძლებლობების შესაფასებლად. ამ ინდექსის მიხედვით ბოლო წლებში მოწინავე პოზიციებზე მუდამ არიან ევროკავშირის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ესპანეთი, იტალია, ფინეთი.

სხვადასხვა დროს და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირის ქვეყნები წარმატებით ახორციელებენ განათლების ამა თუ იმ აპრობირებული სისტემის დანერგვასა და შემდგომ განვითარებას. ნებისმიერი საგანმანათლებლო სისტემის წარმატება დიდწილადაა დამოკიდებული მისი საწყისი ეტაპის - სასკოლო განათლების სწორად ორგანიზებასა და განვითარებაზე. ევროპული სკოლების უპირატესობა ის არის, რომ მათი კურსდამთავრებულები იოლად განაგრძობენ სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, იგი უზრუნველყოფს ცოდნის აუცილებელ დონეს და უცხო ენის ფლობას. სკოლებში არიან კონსულტანტები, რომლებიც ბავშვებს მომავალი სპეციალობის არჩევაში ეხმარებიან, ამზადებენ უნივერსიტეტის გამოცდებისათვის და ეხმარებიან იმ დოკუმენტების შეგროვებაში, რომელიც მათ ჩარიცხვისთვის სჭირდებათ. ეს ყველაფერი მოზარდებს უნივერსიტეტში ჩაბარების გარანტიას უქმნის, თანაც არა მხოლოდ ევროპის, არამედ, სხვა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებშიც.

ევროპის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ბავშვები სწავლობენ დაახლოებით 6-დან 18 წლამდე. არსებობს დაბალი (6-11 წელი), საშუალო (11-16 წელი) და მაღალი (16-18 წელი) ტიპის სკოლები. სწავლის ბოლოს ყველა აბარებს გამოსაშვებ გამოცდას. ამასთან, სკოლები იყოფა მუნიციპალურ და კერძო სკოლებად. მუნიციპალური ხელმისაწვდომია უცხოელი ბავშვებისთვისაც, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მათი მშობლები ცხოვრობენ ან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობენ მოცემულ ქვეყანაში(ამიტომ უცხოელების უმრავლესობა კერძო სკოლებში სწავლობს).

განათლების სისტემები ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში

ევროკავშირის დაარსებისთანავე (1993) შეთანხმდნენ, რომ არ მოხდებოდა განათლების სისტემის სრული უნიფიკაცია. იგი რჩებოდა ცალკეული ქვეყნის კომპეტენციაში.

ევროპული სკოლები საერთო სტანდარტს იცავს, მაგრამ დეტალებში შეიძლება ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ. ეს განსაკუთრებით ეხება სწავლების ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილსსაშუალო სკოლის ბოლო ორ წელიწადს, რომელიც მოსწავლეს ატესტატის მიღებისათვის ამზადებს:

დიდ ბრიტანეთში, რომელიც, მართალია, დღეს უკვე აღარაა ევროკავშირის წევრი, მაგრამ საგანმანათლებლო სფერო სწორედ ევროკავშირის სტრატეგიული გეგმის მიხედვით აქვს აწყობილი, სასწავლო წელი სექტემბერში იწყება და ტრიმესტრებად იყოფა (თითო ტრიმესტრი - 13 კვირა); სწავლება, რა თქმა უნდა, ინგლისურ ენაზეა. 14 წლიდან მოსწავლეები ერთვებიან პროგრამაში, რომელიც მათ ამზადებს საშუალო განათლების სერტიფიკატის GCSE (General Certificate of Secondary Education) მისაღებად. მასში შედის სავალდებულო საგნები (ინგლისური და მათემატიკა) და რამდენიმე დამატებითი საგანი, რომლებსაც თავად ირჩევენ (მაგალითად, ხელოვნება, დიზაინი, ბიზნესი, უცხო ენები და სხვ.). პროგრამის ბოლოს აბარებენ გამოცდას და იღებენ სერტიფიკატს ქულებით შეფასების სისტემით.16 წლიდან სკოლაში იწყება A-Level - უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მოსამზადებელი პროგრამა. ის მოიცავს სავალდებულო საგნებს და დამატებით ორ-სამ არჩევით დისციპლინას. მოზარდებს შეუძლიათ ზუსტი მეცნიერებების, ბიზნესის საფუძვლების, ბუღალტერიისა და კულინარიის, ასევე ენების, მათ შორის, ძველბერძნულის და ლათინურის შესწავლა. ყველა საგნის კურსის ბოლოს ბარდება გამოცდა. საგნების და საგამოცდო ნიშნების ერთობლიობაზეა დამოკიდებული ის, მიიღებენ თუ არა მოსწავლეს სასურველ უნივერსიტეტში. სამაგიეროდ, A-Level-ის დიპლომებს არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის, არამედ მთელი მსოფლიოს უნივერსიტეტები აღიარებენ.დიდი ბრიტანეთის სკოლებში განათლების მიღება საკმაოდ ძვირია - სწავლის ფასები შეიძლება განსხავავებული იყოს, მაგრამ საშუალოდ ის წელიწადში დაახლოებით 20 000-30 000 ფუნტია [13].

შვეიცარიაში სწავლა ოთხ ენაზეა შესაძლებელი: ფრანგულად, გერმანულად, იტალიურად და ინგლისურად. ქვეყანაში დაახლოებით 250 სკოლა-პანსიონია, რომლებიც სხვადასხვა საგანმანათლებლო სისტემების მიხედვით მუშაობენ. მათ შორის გავრცელებულია A-Level და IB(International Baccalaureate), მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია IB პროგრამა, რომელიც შვეიცარიაში შეიმუშავეს როგორც უნივერსალური სასკოლო მოსამზადებელი პროგრამა ევროპელი ბავშვებისათვის, რომლებსაც სურთ სწავლა უნივერსიტეტებში განაგრძონ. პროგრამა მოიცავს სავალდებულო საგნებს, როგორიცაა: მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ზოგადი კურსი, ორი ენა - მშობლიური და უცხოური, ასევე ორი საგანი, რომელსაც თავად მოსწავლე აირჩევს. IB დიპლომისა და გარკვეული დონის შეფასებების მქონე აბიტურიენტს ნებისმიერი ევროპული ქვეყნის უნივერსიტეტში შეუძლია ჩაბარება გამოცდების გარეშე (გარდა ესპანეთისა, სადაც უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად ინდივიდუალური გამოცდების ჩაბარებაა საჭირო).სკოლის მოსწავლეები ასევე ირჩევენ იმ საგნებს, რომლებიც მათ უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად გამოადგებათ: ჰუმანიტარულ დისციპლინებს, ხელოვნებას, სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას, ივითარებენ დამოუკიდებელი მუშაობის უნარებს. ძირითადი დისციპლინების გარდა სასკოლო პროგრამა მოიცავს კლასგარეშე მეცადინეობას და აუცილებლად სპორტს. შვეიცარიაში განსაკუთრებით პოპულარულია სპორტის ზამთრის სახეობები: სამთო თხილამურები, სნოუბორდი და ციგურაობა. შვეიცარიის კერძო სკოლაში სწავლის წლიური საფასური იწყება 40 ათასი ევროდან.უფრო პრესტიჟულ სკოლა-პანსიონებში სწავლის ღირებულება ძალიან ძვირია. ის წელიწადში 100 ათას შვეიცარულ ფრანკს, ანუ დაახლოებით 95 000 ევროსაც კი აღწევს [14]. 

ესპანეთში სწავლა სავალდებულო და უფასოა მხოლოდ საშუალო სკოლის პერიოდში, ანუ 6-დან 16 წლამდე მოზარდებისათვის. უცხოელებისათვის სწავლა ფასიანია. დაწყებითი სკოლა შეიძლება იყოს სახელმწიფო, რელიგიური და კომერციული. ეს უკანასკნელნი შეიძლება იყვნენ სრულიად დამოუკიდებელი ან ნაწილობრივ სახელმწიფო დაფინანსებაზე. მიუხედავად დაფინანსების ფორმისა, სასკოლო განათლების მთელი პროცესი - მისი ხარისხი, პედშემადგენლობა, შენობების აღჭურვა, მეთოდოლოგიური პროგრამები - სრულიად სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იმყოფება. ცალკე აღნიშვნის ღირსია ესპანეთის ე.წ. დახურული სკოლები, სადაც სწავლის პროცესი წარიმართება ორმაგი პროგრამებით ერთდროულად რამდენიმე უცხო ენის შესწავლით. ამ საკმაოდ ძვირადღირებული კერძო სასწავლებლების პრესტიჟულობა განმტკიცებულია მათი დიპლომების საერთაშორისო აკრედიტაციით. ამ სკოლების მოსწავლეები უმეტესწილად უცხოელი ბავშვები არიან. ესპანეთში სწორედ ამ ტიპის და რელიგიური სასწავლებლები ითვლება ყველაზე პრესტიჟულად და რეიტინგის მიხედვით ყველაზე ხარისხიანად. საბაზო საშუალო განათლების მიღების შემდეგ ესპანელი მოზარდები ირჩევენ გააგრძელონ სწავლა კოლეჯში ან უნივერსიტეტში. აქ კერძო უნივერსიტეტებში სწავლის ღირებულება წელიწადში დაახლოებით 15 000 ევროა [15]. ასევე აღნიშვნის ღირსია ერთი რამ - ესპანეთში ძალიან ბევრი მიგრანტია, რომლებიც მხოლოდ მუნიციპალურ სკოლებში ახერხებენ სწავლას. ისინი ცუდად საუბრობენ ესპანურად და დაბლა სწევენ მთლიანად კლასის მოსწრების დონეს, რითაც დანარჩენ ბავშვებს ეშლებათ ხელი მაღალი დონის განათლება მიიღონ. ამიტომ ესპანელი მშობლების უმეტესობა ცდილობს ბავშვებს კერძო და ნახევრად კერძო სკოლებში ასწავლოს.

იტალიაში სრულიად განსხვავებული სწავლების პრაქტიკა ჩამოყალიბდა. იტალიური საშუალო განათლება 13 წელს გრძელდება. 5-6-დან 18-19 წლის ასაკამდე. იტალიის ბევრი კერძო სკოლა გაკვეთილებს IB პროგრამით არა იტალიურ, არამედ ინგლისურ ენაზე ატარებს. კერძო იტალიურ სკოლა-პანსიონში სწავლა წელიწადში საშუალოდ 30 000-40 000ევროა [17] .

 იტალია ერთ-ერთი  პირველთაგანი იყო, ვინც პრაქტიკაში დანერგა ბოლონიის პროცესის სტანდარტები. განათლების სისტემის მდგომარეობა იტალიის განვითარების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. იტალიის კონსტიტუციის 34-ე მუხლის მიხედვით, „სკოლები ყველასთვის ღიაა. დაწყებითი განათლება, არანაკლებ რვა წლის ხანგრძლივობისა, სავალდებულოა და უფასო. ნიჭიერ და ღირსეულ მოსწავლეებს, რომლებიც მოკლებულნი არიან შესაბამის საშუალებას, სწავლის მაღალ საფეხურებზე გადასვლის უფლება აქვთ. იტალიის რესპუბლიკა ამ უფლებას უზრუნველყოფს სტიპენდიებითა და სხვადასხვა სახის დახმარებებით, რომლებიც კონკურსების გზით მოიპოვება (Costituzione della Repubblica Italiana, Articolo 34).

განათლება იტალიაში რამდენიმე საფეხურიანია:პირველი  საფეხური – სკოლამდელი აღზრდა (3-6 წლის ასაკის ბავშვებისათვის);მეორე საფეხური – სასკოლო განათლება, რომელიც მოიცავს დაწყებით (6-10, 3-6 წლის ასაკის ბავშვებისათვის)  და საშუალო კლასებს (11-13 წელის ასაკის ბავშვებისათვის) ეს საფეხურები უფასოა და სავალდებულო. შესაბამისი ატესტაციის შემდეგ მოსწავლეები იღებენ უფლებას, გააგრძელონ სწავლა შემდეგ საფეხურზე; მესამე საფეხური –  საშუალო განათლება, რომელიც მოიცავს უმაღლეს კლასებს (14-19 წლის ასაკის მოზარდებისათვის) და ლუიცეუმს. უმაღლესი კლასებში  იღებენ პროფესიულ განათლებას (განსაკუთრებით პოპულარულია დიზაინის სკოლები). ლიცეუმებში (არსებობს 3 ტიპის  – კლასიკური, საბუნებისმეტყველო და ლინგვისტური) მოსწავლეებს ამზადებენ  უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად; მეოთხე საფეხური – უმაღლესი განათლება, რომელიც მოიცავს საუნივერსიტეტო (კერძო, სახელმწიფო უნივერსიტეტები, უმაღლესი სასწავლებლები უცხოელებისათვის, უმაღლესი სკოლები, სატელეკომუნიკაციო უნივერსიტეტები) და არასაუნივერსიტეტო (სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის უმაღლესი სკოლები, ეროვნული აკადემია, კონსერვატორია, ქორეოგრაფიული სასწავლებელები. ასევე ვიწრო ტექნიკური მიმართულებების, დიპლომატიის, საარქივო, სამხედრო და მთარმგნელობითი საქმის ინტეგრირებული სასწავლებლები) ჯგუფებს.

უმაღლესი განათლება იტალიის კერძო უნივერსიტეტებში საკმაოდ ძვირია და წელიწადში ნდაახლოებით 15 000 ევროს უტოლდება [16].

საფრანგეთში განათლება მოიცავს შემდეგ საფეხურებს: 1. დაწყებითი: ბავშვები სკოლაში შედიან 6 წლის ასაკიდან, სწავლა გრძელდება 4-5 წელი; 2. საშუალო: მოსწავლეები შედიან 11 წლის ასაკიდან, 3 წელი სწავლობენ კოლეჯში, ხოლო შემდეგი 3 წელი - ლიცეუმში, რომლის დასრულების შემდეგ გაიცემა ბაკალავრის დიპლომი (დაწყებითი და საშუალო სწავლა აუცილებელი და უფასოა).საფრანგეთში  საკმაოდ უჩვეულოა გამოცდების პერიოდულობის გრაფიკი. სწავლის პერიოდში ბავშვს არანაირად არ აძალებენ რაიმეს შესწავლას, მთელი სწავლის პროცესი მიმდინარეობს მსუბუქად, მასწავლებელი თუ საჭიროა ყოველდღე დარჩება გაკვეთილების შემდეგ და ინდივიდუალურად დაეხმარება მოსწავლეს. მაგრამ სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ყოველი ახალი მასალის შესწავლის შემდეგ ეწყობა გამოცდები. ასე, რომ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოზარდს გაუჭირდება გამოცდის ჩაბარება. თუ გადაბარებასაც ვერ მოახერხებს, წლის ბოლოს გამოცდებზე არ დაიშვება და მას გარიცხავენ. ეს კი ძალიან დიდ პრობლემას უქმნის მშობლებს, რომლებიც საკმაოდ ძვირს იხდიან შვილების განათლებაში.  სწავლის ფასი ფრანგულ ლიცეუმებში საკმაოდ განსხვავდება ადგილმდებარეობის მიხედვით და მერყეობს 9 000-დან 25 000 ევრომდე წელიწადში [12]; 3. უმაღლესი: შესაძლებელია მხოლოდ ბაკალავრის დიპლომის მფლობელთათვის. უმაღლესი განათლების ტიპებია: მოკლევადიანი (2-3 წელი), რომელიც ამზადებს სპეციალისტებს სამრეწველო და მომსახურების სფეროს დარგებისათვის სპეციალურ უმაღლეს პროფესიულ სასწავლებლებში; გრძელვადიანი, რომელიც ითვალისწინებს განათლებას უნივერსიტეტებში.

უმაღლესი განათლების მიღება საფრანგეთში შესაძლებელია სახელმწიფო და კერძო სასწავლებლებში. სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლა უფასოა უცხოელებისთვისაც კი, მაგრამ კერძო უნივერსიტეტებში იგი საკმაოდ ძვირია და წელიწადში სხვადასხვა ადგილას 25 000-35 000 ევროს უტოლდება[12].

ფინეთში,სპეციალისტების აზრით, ბოლო წლების განმავლობაში ევროპასა და, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოშიც ყველაზე წარმატებული განათლების სისტემა ჩამოყალიბდა. ფინეთი მსოფლიოში მოსახლეობის განათლების დონისა და ხარისხის მიხედვით, ერთ-ერთი ლიდერია, აქ განათლების სისტემა მეტად მოქნილია, რომელიც მყისიერად რეაგირებს დარგის ყველა სიახლეზე. საერთაშორისო გამოცდილებით, ბოლო წლებში ფინელი მოზარდები მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანთა რეიტინგში უმაღლეს შეფასებას იმსახურებენ და  განუხრელად ლიდერობენ 15 წლის მოსწავლეთა შორის.

ფინელი მოსწავლეების აკადემიურმა წარმატებამ მრავალი ქვეყნის მასწავლებელთა და განათლების სპეციალისტთა ყურადღება მიიპყრო. ისინი ყოველწლიურად აკვირდებიან და იკვლევენ, თუ როგორ მოახერხა სახელმწიფომ, ჰქონდეს ასეთი განათლების სისტემა, ჰყავდეს ამდენი მაღალკვალიფიციური მასწავლებელი და სისტემატურად ზრუნავდეს მათ პროფესიულ განვითარებაზე.

ფინეთში მოსწავლეები სწავლას 7 წლის ასაკიდან იწყებენ და 16 წლის ასაკში ამთავრებენ საშუალო განათლების მიღებას.ბავშვები, უკვე დაწყებით ეტაპზე ბევრ რამეს უფროსების დახმარების და ჩარევის გარეშეაკეთებენ. ყველა საფეხურზე მასწავლებლები გაკვეთილის გეგმებსა და სტრატეგიებს მათთან შეთანხმებით და მათი მონაწილეობით ადგენენ. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სკოლის ცხოვრებაში. მოსწავლეთა თვითმმართველობები კი - სკოლის მართვაში. აქ არ არსებობს ელიტური სკოლები, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები სისტემის უმნიშვნელო ნაწილს შეადგენს. ფინელები სწორედ იმით ამაყობენ, რომ მათი სასწავლო სისტემა ნაკლებად სტრესულია და გახსნილია სხვადასხვა ტიპის სწავლების მეთოდებისადმი. შედეგად, განსხვავება ყველაზე საუკეთესო მოსწრებისა და ყველაზე დაბალი მოსწრების მოსწავლეებს შორის მინიმალურია.ამას მოსდევს 3 წლიანი არასავალდებულო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა ან პროფესიული სწავლება, რის შემდეგაც ახალგაზრდები აბარებენ უნივერსიტეტებში ბაკალავრის ხარისხის დასაუფლებლად. შესაბამისად, მოსწავლეს მიღებული აქვს გარკვეული პრაქტიკული უნარები მისთვის საინტერესო სფეროში და შეგნებულად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა პროფესიის დაუფლება სურს საბაკალავრო საფეხურზე.  აქ მთავარია ახალგაზრდებმა ადრევე გაიგონ განათლების ყველა „სიკეთე“, დანარჩენი მხოლოდ მათ მონდომებაზეა დამოკიდებული. მშობლების ფუნქცია ამ „სიკეთის“ სწორად ახსნა და ინსტიტუციური მოწყობაა. ფინურ „ნოუ-ჰაუს“ წარმოადგენს გაკვეთილის დაგეგმვის „თანასწავლების“ მეთოდი, რაც პროცესში ერთზე მეტი საგნის სპეციალისტის ჩართვას გულისხმობს. მასწავლებლებს, რომლებიც ამ სისტემაზე გადადიან, ხელფასზე დანამატსაც სთავაზობენ. 2016 წლისათვის სკოლის მასწავლებელთა 70 პროცენტს უკვე ჩაუტარდა ახალ სისტემაზე გადასვლის ტრენინგი. ზოგადად,რაც ჩვენი აზრით, განსაკუთრებულობას სძენს ფინური განათლების სისტემას, ეს არის მასწავლებლის პროფესიის სათანადო დაფასება, მათი როგორც მორალური, ასევე მატერიალური წახალისება. მასწავლებლის ხელფასი ქვეყანაში საშუალო ხელფასის მაჩვენებელზე მაღალია. ეს, რა თქმა უნდა, ამ პროფესიის პოპულარობას უზრუნველყოფს ფინეთში. აქ პედაგოგის ადგილზე კონკურსი ძალიან დიდია. ყოველივე ამის გამო თითქმის ყველა მასწავლებელს ან მაგისტრის, ან სამეცნიერო ხარისხი აქვს. აქ აცნობიერებენ რა განათლების სისტემის გადამწყვეტ როლს ქვეყნის შემდგომი განვითარების საქმეში, სათანადოდ ზრუნავენ, რომ უზრუნველყონ პროფესიონალი მასწავლებლების მაქსიმალურად მაღალი დონე. ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ ფინეთის განათლების სისტემა დგას არა ნიჭიერ მოსწავლეებზე, არამედ ნიჭიერ მასწავლებლებზე.

ყოველწლიურად განათლების დასაფინანსებლად ფინეთის სახელმწიფო 5.5 მლნ ევროს ანუ 15.5%-ს გამოყოფს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიდან. განათლებაზე გაწეული ხარჯების 21.7% მიდის უმაღლესი განათლების დაფინანსებაზე. ეს ნიშნავს, რომ ფინეთში წელიწადში ერთ სტუდენტზე სახელმწიფო ხარჯავს 8 ათას ევროს. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას ფინეთში, აქ იგი საშუალოდ წელიწადში 10 000 ევროს შეადგენს [18].

საერთოდ ითვლება, რომ ევროპაში უმაღლესში სწავლა ძვირი სიამოვნებაა. თუმცა, თითქმის ყველა ქვეყანაში არის სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც სტუდენტებს უფასოდ იღებენ, ოღონდ არის აუცილებელი პირობა პირველივე სემესტრში გამოცდების წარმატებით ჩაბარება და სახელმწიფო ენის აუცილებელი ცოდნა. ეს, რა თქმა უნდა, უმეტესად უცხოელებს ეხებათ. ზოგგან (მაგალითად, ფინეთში) განათლების მიღება უცხოელი სტუდენტებისათვისაც თითქმის უფასოა და წელიწადში 400-2000 ევროს უტოლდება.

მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის ქვეყნების განათლების სისტემათა შორის განსაკუთრებულად პროგრესული ფინური სისტემაა. პირველი, რაც აქ თვალში საცემია, ეს არის სწავლის საფასური, რაც ფინეთში სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო იაფია. ეს კი შანსს აძლევს ყველას სურვილის შემთხვევაში მიიღოს მაღალი დონის უმაღლესი განათლება. ქვეყანა, გამოყოფს რა ბიუჯეტიდან განათლების დასაფინანსებლად საკმაოდ დიდ თანხას (წელიწადში 5.5 მლნ ევრო), შედეგად იღებს ხარისხიანი უმაღლესი განათლების მქონე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, რომლებიც წარმატებით ავსებენ იგივე ბიუჯეტს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მასწავლებლის პროფესიის სათანადო დაფასება, მათი როგორც მორალური, ასევე მატერიალური წახალისება. მასწავლებლის ხელფასი ქვეყანაში საშუალო ხელფასის მაჩვენებელზე მაღალია. ეს, რა თქმა უნდა, ამ პროფესიის პოპულარობას უზრუნველყოფს ფინეთში.

კიდევ ერთი გამორჩეული თავისებურება, რაც ფინური განათლების სისტემას ახასიათებს, არის ის, რომ მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სკოლის ცხოვრებაში. მოსწავლეთა თვითმმართველობები კი - სკოლის მართვაში.ფინელები სწორედ იმით ამაყობენ, რომ მათი სასწავლო სისტემა ნაკლებად სტრესულია და გახსნილია სხვადასხვა ტიპის სწავლების მეთოდებისადმი. შედეგად, განსხვავება ყველაზე საუკეთესო მოსწრებისა და ყველაზე დაბალი მოსწრების მოსწავლეებს შორის მინიმალურია. აქ მთავარია, ახალგაზრდებმა ადრევე გაიგონ განათლების ყველა „სიკეთე“, დანარჩენი მხოლოდ მათ მონდომებაზეა დამოკიდებული. მშობლების ფუნქცია ამ „სიკეთის“ სწორად ახსნა და ინსტიტუციური მოწყობაა. 

დასკვნა

  1. ნებისმიერი ქვეყნის  სამეურნეო სისტემის ზრდა და განვითარება უზრუნველყოფილია არა იმდენად გარე, არამედ უფრო მეტად შიდა, არამატერიალური ფაქტორებით, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ცოდნა, განვითარების ინოვაციურ რელსებზე გადასვლა, რაც შეუძლებელია ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირებისა და ეფექტიანი ფუნქციონირების გარეშე.
  2.  ევროკავშირშიც მისი ფორმირებისთანავე (1993) წინა პლანზე წამოიწია ევროპის ერთიანი ინოვაციური სივრცის შექმნისა და შემდგომი განვითარების საკითხმა.აქ კარგად ესმოდათ, რომ ამ მიზნის განხორციელება შეუძლებელი გახდებოდა განათლების სისტემის სრულყოფის გარეშე. ამიტომ შემუშავებული და დანერგილი იქნა ისეთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები, როგორიცაა:  „უნივერსიტეტების დიდი ქარტია“; „ლისაბონის კონვენცია“; „სორბონის დეკლარაცია“; „ბოლონიის დეკლარაცია“; „ლისაბონის დეკლარაცია“; „ლისაბონის სტრატეგია“; „ლიუბლიანის პროცესი“; „სამეცნიერო კვლევებისა და ტექნოლოგიური განვითარების ჩარჩო-პროგრამები“; პროგრამა „ევროპა 2020“; „ჰორიზონტი 2020“; „ევროპული ტექნოლოგიური პლატფორმები“ და სხვ.
  3. 1988 წელს ევროკავშირში ხელი მოეწერა საერთო დეკლარაციას, რომელსაც ეწოდა “უნივერსიტეტების დიდი ქარტია” (Magna Charta Universitatum) და რომელშიც გამოხატული იქნა პოზიცია უნივერსიტეტების საქმიანობის შემდგომი მიმართულებების შესახებ.  ასევე ყურადღება გამახვილდა უნივერსიტეტთა შორის თანამშრომლობაზე პროგრამების შემუშავების, სახელმძღვანელოების მომზადების, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილურობისა და სამეცნიერო საქმიანობის სფეროში.
  4. 1997 წელს ლისაბონში ხელი მოეწერა კონვენციას კვალიფიკაციის აღიარების შესახებ, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ევროპის ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბების მიმართულებით. კონვენციის თანახმად, უნივერსიტეტების ავტონომიურობის აღიარებასთან ერთად, უნდა მომხდარიყო სამართლებრივი ნორმების გარკვეული უნიფიკაცია, რომელიც დაკავშირებული იყო დიპლომებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის ურთიერთაღიარებასთან.
  5. 1998 წელს ხელი მოეწერა “სორბონის დეკლარაციას”, რომლის მთავარი მიზანი იყო ევროპის უმაღლესი განათლების ერთიანი ღია სივრცის შექმნა. მალევე, 1999 წელს მიღებული იქნა საყოველთაოდ ცნობილი “ბოლონიის დეკლარაცია”, რომელშიც საუბარია უნივერსიტეტების მიერ კადრების მომზადებაზე ერთიანი ევროპული შრომის ბაზრისათვის. ბოლონიის პროცესი მოითხოვდა სერიოზულ გარდაქმნებს უნივერსიტეტების სტრუქტურაში, სასწავლო გეგმებში, სწავლების პროცესებში. თავდაპირველად გათვალისწინებული იყო სწავლების ორი საფეხური – ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, შემდეგ კი დაემატა დოქტორანტურა, რომელიც ანიჭებს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხს (ლათინურად Philosophiae doctor, შემოკლებით PhD) [1].
  6. 2010 წელს შემუშავდა და მიღებულ იქნა უმნიშვნელოვანესი სტრატეგია: „ევროპა - 2020“, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა პროგრესი განათლების, მეცნიერებისა და შემუშავებათა ანუ ინოვაციების სფეროში და რომლის მიზანიცაა ევროკავშირში შეიქმნას და განვითარდეს ერთიანი ჯაჭვი ფუნდამენტური კვლევებიდან მათ კომერციალიზაციამდე.
  7. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში წლების მანძილზე გაწეული ძალისხმევის შედეგია ის, რომ ისინი განათლების სფეროში სხვადასხვა დროს და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე იმყოფებიან. მათ შორის განსაკუთრებულ შედეგებს მიაღწიეს დიდმა ბრიტანეთმა, შვეიცარიამ, ესპანეთმა, იტალიამ, საფრანგეთმა, ფინეთმა.
  8. ევროკავშირის ქვეყნებს, მართალია, ევროკავშირის დაარსებისთანავე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, განათლების საკუთარი განსაკუთრებული სისტემა გააჩნიათ, მაგრამ მათი საქმიანობა ამ სფეროში ასევე ეფუძნება კავშირის ერთიან სტანდარტებს, რაც ევროკავშირის შეუფერხებელი წინსვლის საფუძველს ქმნის.
  9. ჩვენს მიერ განხილულ ევროკავშირის ქვეყნების განათლების სისტემათა შორის განსაკუთრებულად პროგრესულად ფინური სისტემა მიგვაჩნია. პირველი, რაც აქ თვალში საცემია, ეს არის სწავლის საფასური, რაც ფინეთში სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო იაფია. ეს კი შანსს აძლევს ყველას სურვილის შემთხვევაში მიიღოს მაღალი დონის უმაღლესი განათლება. ქვეყანა, გამოყოფს რა ბიუჯეტიდან განათლების დასაფინანსებლად საკმაოდ დიდ თანხას (წელიწადში 5.5 მლნ ევრო), შედეგად იღებს ხარისხიანი უმაღლესი განათლების მქონე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, რომლებიც წარმატებით ავსებენ იგივე ბიუჯეტს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მასწავლებლის პროფესიის სათანადო დაფასება, მათი როგორც მორალური, ასევე მატერიალური წახალისება. მასწავლებლის ხელფასი ქვეყანაში საშუალო ხელფასის მაჩვენებელზე მაღალია. ეს, რა თქმა უნდა, ამ პროფესიის პოპულარობას უზრუნველყოფს ფინეთში.

კიდევ ერთი გამორჩეული თავისებურება, რაც ფინური განათლების სისტემას ახასიათებს არის ის, რომ მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სკოლის ცხოვრებაში. მოსწავლეთა თვითმმართველობები კი - სკოლის მართვაში.ფინელები სწორედ იმით ამაყობენ, რომ მათი სასწავლო სისტემა ნაკლებად სტრესულია და გახსნილია სხვადასხვა ტიპის სწავლების მეთოდებისადმი. შედეგად, განსხვავება ყველაზე საუკეთესო მოსწრებისა და ყველაზე დაბალი მოსწრების მოსწავლეებს შორის მინიმალურია. აქ მთავარია ახალგაზრდებმა ადრევე გაიგონ განათლების ყველა „სიკეთე“, დანარჩენი მხოლოდ მათ მონდომებაზეა დამოკიდებული. მშობლების ფუნქცია ამ „სიკეთის“ სწორად ახსნა და ინსტიტუციური მოწყობაა.

  1. ნებისმიერ ქვეყანაში ცოდნის ეკონომიკაზე წარმატებული გადასვლა  შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური მიდგომით: განვითარებული ცოდნის ეკონომიკის,  გამართული ინოვაციური სისტემის პირობებში, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს: განათლებაში გრძელვადიან ინვესტიციებს, ინოვაციური პოტენციალის განვითარებას, საინფორმაციო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, მეწარმეობის ხელშემწყობი ეკონომიკური სტიმულების და ინსტიტუციური რეჟიმის შექმნას. ეს ყველაფერი მხოლოდ სწორი სახელმწიფო ეკონომიკური სისტემის პირობებშია შესაძლებელი. მისი წარმატებით გატარება კი მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივაა. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. აბესაძე რ. ევროკავშირის ინოვაციური პოლიტიკა. თსუ პ. გუ­გუ­შვილის ეკონ­ომიკის ინს­ტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, “თსუ პ. გუ­გუ­შვილის ეკო­ნ­­ო­მიკის ინს­ტიტუტის გამომ­ცემლობა”, 2016

2. აბესაძე რ. ევროკავშირის ინოვაციური სისტემა. “თსუ პ. გუ­გუ­შვილის ეკონ­ომიკის ინს­ტი­ტ­უ­ტის სამეცნიერო შრომების კრებული”, ტ. X. თბილისი, “თსუ პ. გუ­გუ­შვილის ეკ­ონ­ომიკის ინს­ტიტუტის გამომ­ცემლობა”, 2017;

3. Махлуп Фриц. Производство и распространение знаний в США. М.: Прогресс, 1966.

4. მელაშვილი მ.,  ქველაძე ქ.,  ქისტაური ნ. მსოფლიოში საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემები და მათი განვითარების თანამედროვე ტენდენციები, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული. თბილისი, “თსუ პ. გუ­გუ­შვილის ეკ­ონ­ომიკის ინს­ტიტუტის გამომ­ცემლობა”, 2018

5. ქისტაური ნ. ფინეთის რესპუბლიკის ინოვაციური სისტემა, “თსუ პ. გუ­გუ­შვილის ეკონ­ომიკის ინს­ტი­ტ­უ­ტის სამეცნიერო შრომების კრებული”, ტ. X. თბილისი, “თსუ პ. გუ­გუ­შვილის ეკ­ონ­ომიკის ინს­ტიტუტის გამომ­ცემლობა”, 2017

6. თაფლაძე თ. ესპანეთის ინოვაციური სისტემა, “თსუ პ. გუ­გუ­შვილის ეკონ­ომიკის ინს­ტი­ტ­უ­ტის სამეცნიერო შრომების კრებული”, ტ. X. თბილისი, “თსუ პ. გუ­გუ­შვილის ეკ­ონ­ომიკის ინს­ტიტუტის გამომ­ცემლობა”, 2017

7. ქველაძე ქ. იტალიის რესპუბლიკის ინოვაციური პოლიტიკა “თსუ პ. გუ­გუ­შვილის ეკონ­ომიკის ინს­ტი­ტ­უ­ტის სამეცნიერო შრომების კრებული”, ტ. IX. თბილისი, “თსუ პ. გუ­გუ­შვილის ეკ­ონ­ომიკის ინს­ტიტუტის გამომ­ცემლობა”, 2016

8. ქველაძე ქ. იტალიის ეროვნული ინოვაციური სისტემა, განვითარებისა და ფუნქციონირების თავისებურებანი. “თსუ პ. გუ­გუ­შვილის ეკონ­ომიკის ინს­ტი­ტ­უ­ტის სამეცნიერო შრომების კრებული”, ტ. X. თბილისი, “თსუ პ. გუ­გუ­შვილის ეკ­ონ­ომიკის ინს­ტიტუტის გამომ­ცემლობა”, 2017

9.განათლებაევროპაში

https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/ganatlebaketevani/ganatleba-evropashi

10. Н. Глухова, Плюсы и минусы образования в Европе, 2017

https://vivaeurope.ru/education/obrasovanie-v-evrope

11. Н.А. Тонян, ПОЛИТИКА В ОБЛАСТИ ОБРАЗОВАНИЯ В СТРАНАХ ЕВРОПЕЙСКОГО СОЮЗА

https://cyberleninka.ru/article/n/15897992

12. Сколько стоит обучение во Франции

https://www.ustudy.ru/articles/stoimost-ucheby-vo-francii

13. Сколько стоит обучение в Англии

https://www.ustudy.ru/articles/stoimost-ucheby-v-velikobritanii

14. Цены на учебу в Швейцарии

https://www.ustudy.ru/articles/stoimost-obrazovaniya-v-shvejcarii

15. Сколько стоит обучение в университете в Испании?

https://espanarusa.com/ru/pedia/article/644803

16. Сколько стоит учеба в Италии?

https://www.hotcourses.ru/study-in-italy/money/education-fee-in-italy/

17.Стоимость обучения в частных школах пансионах Италии.

http://smapse.ru/catalog/country-11/type-1/

18. Сколько стоит учиться в Финляндии

https://www.ustudy.ru/articles/stoimost-ucheby-v-finlyandii



[1]ნაშრომში შესწავლილია დიდი ბრიტანეთის განათლების სისტემაც, ვინაიდან იგი  ევროკავშირის შემადგენლობიდან სულ ახლახან გამოვიდა